четверг, 12 сентября 2013 г.

         ასწავლებლის ბლოგი  -           პროექტი- ,,მოგზაურობა ძამის ხეობაში"


ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი თავის საუბედუროდ თავის ისტორიას ივიწყებსო.“- როგორც კი გონების ზედაპირზე ამოტივტივდა დიდი ილიას ეს სიტყვები, მაშინვე დამებადა იდეა ჩემ სადამრიგებლო კლასში განმეხორციელებინა პროექტი, რომლის მიზანიც საქართველოს წარსულის უფრო ღრმად შესწავლა იქნებოდა და რადგან შემოდგომაზე დაგეგმილი გვქონდა ექსკურსია ყინწვისში, გადავწყვიტე თემად: ,,ძამის ხეობის ეკლესია-მონასტრები“ ამეღო. ულამაზესი ბუნებით,სამკურნალო წყლებითა და 40-ზე მეტი ეკლესია-მონასტრით ხომ უმდიდრესია ეს ხეობა და პროექტისთვის სხვა რაღა იყო საჭირო, თუ არა მასალის წინასწარ შეგროვება და მერე ამ მოპოვებული მასალის რეალობაში ნახვა?! (თანაც ცოდვა გამხელილი სჯობს,  თავად მაქვს სოფელი ძამის ხეობაში და ჩემთვის ხომ გაცილებით იოლი იქნებოდა გიდის როლის საკუთარ თავზე მორგება.)
,



        ჰოდა, მეც კლასი ოთხ ჯგუფად დავყავი: პირველ ჯგუფს დავავალე ინტერნეტში მოეძიათ ვიდეო და ფოტო მასალა და მოეპოვებინათ ინფორმაცია ყინწვისის შესახებ. ანალოგიური დავალებები მიეცათ სხვა ჯგუფებსაც: მე-2 ჯგუფს - საციციანო, მე-3 ჯგუფს - მერეს დედათა მონასტერი და სარკინეთი, ხოლო მე-4ჯგუფს _ ქოზიფას მამათა მონასტერი. პროექტის ხანგრძლივობა ერთი თვით განვსაზღვრე, ხოლო ერთი თვის თავზე დავგეგმეთ ექსკურსია ძამის ხეობაში, სადაც განვიხილავდით პროექტს და იქვე მოვაწყობდით პრეზენტაციას. უკან დაბრუნებულები კი გამოვუშვებდით კედლის გაზეთს, სადაც გამოვაქვეყნებდით ჯგუფების მიერ წარმოდგენილ ესეებს ეკლესია-მონასტრებზე, მოსწავლეთა მიერ გაკეთებულ ჩანახატებს და მოვაწყობდით გამოფენას, გამოვფენდით ხეობაში გადაღებულ სურათებს.
       და აი, დადგა ხეობაში გამგზავრების დღეც:
       ნოემბრის ასეთი დილა ხშირად მინახავს მთაში. ფოთოლცვენაა - ბუნების სასწაული! მართლაცდა საოცრებაა ყვითლად აბრიალებული ხეები! გვიანი შემოდგომის მთელი სილამაზე მეშლება თვალწინ. ოქროსფერი კადრები უსწრაფესად ცვლიან ერთმანეთს: წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი და ისევ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიგვაცილებენ. სარკმლიდან კარგად ჩანს მთაზე აშლილი ხეების კენწეროები. თვალს აწყნარებენ, ყურს ესალბუნებიან და სულს ამშვიდებენ მწვანე მდინარის მორცხვი ჩხრიალი და ჩამოცვენილი ფოთლების ჩუმი შრიალი...
        რიკოთის უღელტეხილს ვუახლოვდებით. ბუნება აქაც გარინდებულა, ირგვლივ ოდნავ სუსხშეპარული სითბო, სიმშვიდე და სიმყუდროვეა. ღია მოლისფერ ფონზე აქა-იქ გაბნეულა ყვითელი ლაქები. ბუნებას ჭაღარა შეჰპარვია. მთებს ნაბადივით სქელი, თეთრი ნისლი ჩამოსწოლია. უღიმღამოდ და ბუნდოვნად, სადღაც შორეთში იწვერება მზეც. აშკარაა, ირგვლივ ზამთრისწინა მყუდროებას დაუსადგურებია. აქა-იქ შემორჩენილი, გაყვითლებული, უსიცოცხლო ფოთოლი კი სხვა არაფერია, თუ არა ბუნების სევდანარევი მონატრება წარსული მშვენიერებისადმი!
            ...ავტობუსი ხეობაში შედის. ნაზი, უსასრულოდ ნაზია სამყარო. რძისფერი გადაჰკვრია ალიონს. ბურუსით მოცული იდუმალების ფონზე იდუმალადვე შრიალებენ ოქროსფერი ფოთლები. აქა-იქ შემორჩენილ ნაყოფს ხამივით ძირს ყრის მოძალებული ნიავი... და უცებ ამ ხეობაში გატარებული დღეების დროს დაწერილი მივიწყებული სტრიქონები ამოტივტივდა:
          ,,თავქვე დავყვები ძამის ხეობას,
            დაბრაწულ ვაშლებს ხამივით მივკრეფ,
            და გავიხსენებ ძამის ხეობას,
            როგორ ბერავდნენ ბატკნები ფილტვებს...“
           გზა რატომღაც უსასრულოდ გაიწელა. როხროხით მიუყვებოდა მანქანა ძამის ხეობას და უკან დაკლაკნილ ბილიკებსა და აჩეხილ ფიჭვებს იტოვებდა. ქართლის ერთმანეთზე ულამაზესი სოფლები თავმომწონედ გვიხრიდნენ თავს და გულღიად გვიწევდნენ მასპინძლობას.
           ...რიალრიალით აფრთხიალდნენ თუ არა ჩიტები ცაში, სარკმელს მზის სხივებიც მოადგა, მომიკაკუნა შეხსენებების ქარბუქმა, რეალობაში გადმოსაბარგებელი დრო დადგაო.
             ფანჯრიდან გავიხედე. კეხიჯვარი უკან მოგვეტოვებინა. ხელმარცხნივ თუ გადავუხვევდით, გზა ტაძართან მიგვიყვანდა. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მივიღეთ. ავტობუსი უკვე მიხვეულ-მოხვეული გზით მაღლა და მაღლა მიიწევდა. გზის ბოლოში ისიც გამოჩნდა - დედოფალივით თავმომწონე მაღალგუმბათოვანი ყინწვისი. ტაძრის ეზოში შევდივართ. ფეხქვეშ ხრაშახრუშს ვუყენებ ჭრელ ფოთლებს ( რას იზამ, ბავშვობიდან გამოყოლილი ჩვევაა ), გარინდებულ ბუნებაში გაბნეულ ყვითელ ლაქებს შევყურებ და მზერა იქვე დაგუბებულ წითელწინწკლა კალმახებით სავსე წყალზე ჩერდება, რომლის მიღმაც ტაძრის გუმბათი ირეკლება.
              და აი, პრეზენტაციის დროც დგება. ტაძრის ეზოში ბებერი მუხის ქვეშ ვირინდებით. გიდობას პირველი ჯგუფის წევრები გვიწევენ და ამ ღირშესანიშნავი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის შესახებ ინფორმაციას გვაწვდიან:
             ,,ქარელიდან შვიდიოდე კილომეტრის დაშორებით, ძამის ხეობაში, მდინარიდან   რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სატაძრო კომპლექსი - ყინწვისი. იგი დაარსებულია მე-12-13 საუკუნეების მიჯნაზე სამეფო კარის ბრძანებით. კომპლექსი შედგება რამდენიმე ნაგებობისგან. მთავარ ნაგებობას წარმოადგენს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ცენტრალურგუმბათოვანი ტაძარი, რომელიც მე-12-13 საუკუნეების მიჯნით თარიღდება.
              ყინწვისის მხატვრობა უნიკალურია. მე-13 საუკუნის დასაწყისში თამარ მეფის პირველი ვეზირის მწიგნობართჭყონდიდელ ანტონ გლონისთავისძის დაკვეთით მოიხატა წმ. ნიკოლოზის ტაძარი. ტაძრის შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს გამოსახულნი არიან ისტორიული პირნი: ჩრდილოეთით - გიორგი მე-3, თამარი და ლაშა-გიორგი, სამხრეთით - ანტონ გლონისთავისძე ეკლესიის მოდელით ხელში. ტაძრის მოხატულობაში წარმოდგენილია სხვადასხვა წმინდანთა გამოსახულებები. დასავლეთის კედელზე გამოსახულია წმ. ნიკოლოზის ცხოვრების სცენები, აქვეა იოანე ზედაზნელისა და დავით გარეჯელის გამოსახულებები.
                მე-14 საუკუნეში ეკლესიას სამხრეთისა და ჩრდილოეთის კარიბჭეები მიაშენეს. მე-15 საუკუნის მე-2 ნახევარში ცნობილმა ქართველმა მოღვაწემ ზაზა ციციშვილ-ფანასკერტელმა მონასტერში მცირე აღმშენებლობითი სამუშაოები ჩაატარა. მისი ფრესკა ჩრდილოეთით კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთშია წარმოდგენილი.
                ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომელიც წმ. ნიკოლოზის ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს, დარბაზული ნაგებობაა და ასევე მე-12-13 საუკუნეების მიჯნით თარიღდება. იგი დგას მდინარე ძამის ნაპირთან, ფერდობზე. ეკლესიის ძირითადი ნაწილი მთლიანად დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის ნაწილი და კედლების ნაშთი. დაზიანებული სახითაა შემორჩენილი აქ არსებული მოხატულობაც, რომელიც გვარწმუნებს, რომ ამ ტაძრის მხატვრობა მართლაც ულამაზესი იყო, აქ წარმოდგენილია ფერთა ფართო სპექტრი, სადაც ჭარბობს ღია მწვანე, ოქროსფერი, მოწითალო-მოყავისფრო და ლაჟვარდოვანი ცისფერი. საკურთხეველში მთავარ ფრესკას წარმოადგენს ღვთისმშობელი ყრმით და ორი მთავარანგელოზით.
                  გვიან ფეოდალურ ხანაში (მე-16-17სს-ში) აშენდა წმ. გიორგის სახელობის მცირე დარბაზული ტიპის ეკლესია, რომელიც წმ. ნიკოლოზის ტაძრის დასავლეთით კედელთან დგას.
                   სამონასტრო ცხოვრება ამ ტაძარში ავტოკეფალიის დაკარგვამდე მიმდინარეობდა. 1939-1940 წლებში შეაკეთეს ტაძრის დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლები. 1964-66წწ-ში გაიწმინდა და გამაგრდა ფრესკები.
                    1997წლის მაისში, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით ამოქმედდა დედათა მონასტერი, რომელიც 2001 წელს მამათა მონასტრად გადაკეთდა. 2001 წელს მოხდა წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის კონსერვაცია.
                    კომპლექსში ასევე შედის გალავნის ნაშთი და მასში ჩაშენებული კოშკი-სამრეკლოს ორი სართული.
                   ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს.“
                   წარმატებით ჩავლილი პრეზენტაციის შემდეგ სამონასტრო კომპლექსს ვათვალიერებთ. თითებით ნაზად ვეფერები მრავალსაუკუნოვან ქვებს და თითქოს მართლაც ,,თვალსაწიერზე საბურველი გადაგვეცალა და ნანგრევებში მოგველანდა ჩვენი წარსული...“
                    ავტობუსი თავდაღმართს მოუყვება, მერე გზა სწორდება, სოფელ ზღუდერში შევდივართ, რომლის ცენტრში დაცულია ძველი ტაძარი, რომელიც შემოზღუდული ყოფილა ციხე-გალავნით და ამის გამოა, რომ სოფელსაც ზღუდერი უწოდეს.
                     გზას ვაგრძელებთ, რომელიღაც რადიოსადგური მძიმე როკის ,,შედევრებს“ გვასმენინებს. აშკარად არ ჯდება ჩვენ ამჟამინდელ განწყობაში. ნეტავ, რომელი სიმღერით შევალთ საციციანოში? და აი, უცებ გოგი დოლიძის ხმით იჟღინთება მანქანის სალონი... ესეც ორთუბნის ციხე-სიმაგრე, რატომღაც ფილოსოფოსობის ხასიათზე ვდგები:
                ,,...ბუნებაში რატომ ხდება ისე, რომ ჩვენი გონებრივი შესაძლებლობანი ჩვენსავე ფიზიკურ უნარს უტოლდება? რატომ არის მოჭიდავის ძალა მკლავშია, მოცეკვავის -ფეხებში და პიანისტის - ხელის მტევანში? და თუ ეს ძალა გადაჭარბებით მოზღვავდა თითოეულ მათგანში, თუ სასიცოცხლო უნარი არათანაბრად გადანაწილდა, სწორედ მაშინ ირღვევა ბუნების კანონზომიერება და სწორედ ამ დროს გვაქვს საქმე გენიასთან. მე თუ მკითხავთ, ტაძრის აღმშენებელნი უცილოდ გენიოსები იყვნენ, სხვაგვარად ასეთი დიდებული ციხე-სიმაგრეები არ აიგებოდა!.. „
                ...ავტობუსი ოდნავ ანელებს სვლას. აქ დედათა მონასტერია, მონასტრის თავზე კი, მთის წვერზე ძამის ხეობის ყველაზე დიდი მძოვრეთის  ციხეა. მონასტრის წინ გაშლილ მინდორზე, მდინარე ძამის ნაპირას ვიკრიბებით ყველანი და საციციანოზე სასაუბროდ ასპარეზს მე-2 ჯგუფის წარმომადგენლებს ვუთმობთ:
                ,,მთლიანად ეს ტერიტორია, რაც ჩვენ თვალწინ იშლება, საციციანოს შემადგენლობაში შედიოდა. აქ ადრე ციხე-ქალაქი იყო. ციხე-დარბაზს გრძელი მონაკვეთი ეკავა და შემოვლებული ჰქონდა გალავანი. იგი თითქმის მიუვალია, აღმოსავლეთით აკრავს მაღალი ქედი, სამხრეთით - დასხლეტილი ღრმა ხევი, დასავლეთით კი - ორთუბნის ვიწრო ხევი. ციხის კიდე თიხნარია და ადვილად იშლება. ასეთ კლდეზე აგებულია დიდი და რთული კონსტრუქციის ციხე. მძოვრეთის ციხე ამ ხეობაში ყველაზე თავდაცვითი ნაგებობაა. იგი აგებული უნდა იყოს მე-7ს-ში. ვარაუდობენ, რომ ქალაქთან ერთად ციხეც არაბებმა (მურვან ყრუ ) დაანგრიეს.
              გალავნის ნაწილი ახლაც შემორჩენილია. გალავანს აქვს ორი კარი: ერთი - აღმოსავლეთით, მეორე - დასავლეთით. აქვს აგრეთვე სათოფურები. კარებში გამართულია საკედურები, რომლითაც გალავნის კარები იკეტებოდა. გალავნის ამ კარებს იცავდა მაღალი კოშკი, რომელიც ახლა თავმორღვეულია. კოშკი სამსართულიანია, შიგ გამართულია თახჩები, სარკმელი და ბუხარი. ციხეში დარბაზის ტიპის ოთახებია გამართული. ზოგი მათგანი სამსართულიანია. შიგვე მოთავსებულია ციხის ეკლესია, რომელიც ორსართულიანია და აშენებული უნდა იყოს მე-16-17სს-ში.
               ციხის ახლოს არის ციციანთა ნასახლარები, რომელიც გზის პირას მდებარეობს და პირდაპირ გასცქერის ძამის ხეობას. სამხრეთით მას იცავს მაღალი მთა, ჩრდილოეთით, გზის პირას კი იგი შემოზღუდული ყოფილა მაღალი გალავნით. შიგ მდებარეობდა სასახლის შენობა, კოშკი და კარის ეკლესია.
                 ამჟამად სასახლის მხოლოდ კედლებია გადარჩენილი. იგი ქვითკირისაა, ჰქონია სამი დარბაზი, რამდენიმე ოთახი და დერეფანიც.
               სასახლის უკან რიყის ქვით ნაგები მაღალი კოშკია, ფორმით ოთხკუთხაა და შვიდსართულიანი. სართულები გამართულია ჭერ-იატაკით, ჭერი თაღიანია და ლასტები ახლაც დაცულია, რომლებზედაც დუღაბს ასხამდნენ.კოშკის სართულებში, თავქვე, სართულიდან სართულზე გამართულია ასასვლელი ქვის კიბეები, აქვს სათოფურებიც. კოშკი ქვემოთ უფრო განიერია, ზემოთ კი - შევიწროებული. კოშკს თავისი გალავანი ჰქონია, კოშკის სართულებში დატანებულია ბუხრები, სარკმლები და თახჩები. ზემო სართულებს გარედან მიშენებული აქვს აგურის საპირფარეშო. ამ კოშკიდან გზა გადადის მძოვრეთის ციხეში.
                 კოშკის აღმოსავლეთით არის ეკლესია, რომელზედაც გაშენებულია სამსართულიანი კოშკოვანი შენობა. იგი მიეკუთვნება მე-16-17 საუკუნეებს.
                მძოვრეთის ციხის პირდაპირ, ჭალაზე, არის ძველი აბანო. ეს აბანო ნაგებია აგურით, აბანოს ოთახები თაღიანია, ჭერში გამოჭრილია განიერი სარკმელი, შიგ გამართულია ღუმელი, წყლის აუზი და სხვა. წყალი აბანოში შემოდიოდა თიხის მილებით, რომელთა ნაშთი დღემდე შემონახულია. ამ აბანოდან ცოტა მოშორებით მეორე ასეთივე აბანოა, რომელიც აგურით არის ნაგები. ეს აბანო მე-17-18 საუკუნეებისაა და მოწმობს, რომ მძოვრეთი კეთილმოწყობილი ციხე-ქალაქი ყოფილა ოდესღაც.“
                მერე ყველანი ორთუბნის დედათა მონასტრისკენ მივდივართ. გზად ბავშვებს ვესაუბრები იმის შესახებ, რაც თავად მახსენდება: ,,ქართველთა უძველეს წინაპართა ძველთაძველი ამბების თხრობისას ერთმანეთში ჩაწნულია ლეგენდა და სინამდვილე. ერთი ასეთი თქმულება გვეუბნება, რომ ძამის ხეობაში ამაყად აღმართული ციხე-კოშკები ციციშვილთა გვარის კუთვნილებას წარმოადგენდა, სადაც ძნელბედობის ჟამს თავს აფარებდნენ ჩვენი წინაპრები. ოთკუთხოვანი კოშკის ვიწრო სათოფურიდან გზას ზვერავდა გუშაგი. ეს კოშკები სიმტკიცის, გამძლეობისა და სილამაზის სიმბოლოს წარმოადგენს. ამ ხეობაში გაზრდილებს კარგად გვახსოვს ზაზა ფანასკერტელისადმი მიძღვნილი დღესასწაულები, რომლების ,,ზაზაობის“ სახელით ყოველი წლის ოქტომბერში იმართებოდა. ამ დღეს, ორთუბნის გაშლილ ველზე გლეხებს მოჰქონდათ ყურძნითა და ვაშლით, ჩირითა და ჩურჩხელით, ხაჭაპურითა და ღვინით სავსე გოდრები, კალათები, დოქები... ,,საჭიდაოს“ მელოდიაზე ერთმანეთს ერკინებოდნენ ფალავნები... უძველესი აბანოების ნანგრევებს ათვალიერებდნენ სტუმრები... იყო გაჩაღებული ცეკვა და სიმღერა, ულამაზესი ფოლკლორის საღამო... ერთი სიტყვით, ეს იყო ზეიმი, რომელიც იდგა ხიდად წინაპართა და შთამომავალთა შორის. ჩვენც, ახალგაზრდები, ამ ხეობის ისტორიულ ძეგლებს, - ყინწვისსა თუ მაცხოვრის ტაძარს, ორთუბნის ციხეს თუ ძველ აბანოებს - სიფრთხილითა და მოწიწებით ვუახლოვდებოდით, რადგან წინაპრებმა დაგვმოძღვრეს, - განგებამ დიდი მისია დაგვაკისრა, წმინდა მარიამის წილხვედრი მიწის შენახვა და ჩვენც ღირსეულად უნდა აღვასრულოთ ეს ვალიო. ამიტომ იყო, შეძლებისდაგვარად რომ ვეფერებოდით, ვუვლიდით, ველოლიავებოდით ძვირფასს ქვებს. ჯერ კიდევ კომუნისტების ბატონობის პერიოდში, იმ დროს, როცა კვერცხის შეღებვას გვიშლიდნენ, ეკლესიაში შესვლას გვიკრძალავდნენ, ჩემი თაობა მაცხოვრის ტაძრის კედლებზე მავანთა მიერ აჭრელებულ სახელებსა და თარიღებს ბავშვური ხელებით ფხეკდა და სალოცავებს ასუფთავებდა. სწორედ ჩვენ დავამკვიდრეთ ლამაზი ტრადიცია, ყოველი ზაფხულის სეზონი მაცხოვრის ეკლესიის დალაგებით დაგვეწყო. სხვაგვარად უკვე აღარც შეგვეძლო. ახლა კი ძალიან მიხარია მიტოვებული ეკლესია-მონასტრები მოქმედი რომ გახდა, აღდგენილ ტაძრებში წირვა-ლოცვები რომ აღესრულება.“
              ამ საუბარში მონასტერსაც მივადექით. ტაძარში სანთლებს ვანთებთ და ჩვენ საქართველოს ვავედრებთ უფალს. მერე ისევ ავტობუსში ვსხდებით და უკვე გეზს ჩემი სოფლისკენ ვიღებთ. და აი, თვალს ეფარება თუ არა საციციანო, მაშინვე ჩემი მშობლიური სოფელი ელბაქიანთკარი ,,გვიხუტებს გულში:“
               ,,ბავშვობის წლები სვირინგივით დააჩნდა წარსულს,
                 ხოლო იმ დღეებს ფონად უდგას ძველი სოფელი,
                 სადაც ყოველი ხის ფოთოლი წლებს უფსკვნის მარყუჟს
                 და სმენს მიტკბობს წარსულ დღეთა საგალობელი.
                 ძამა ღრიალით კლდეზე ლოკავს ათქვლეფილ ტალღებს,
                 თეთრ-ვარდისფერი ყვავილები მოედო მდელოს,
                 სოფელში წავალ, ჩავალაგებ ლექსებს და კაბებს
                 მაშინ, როდესაც ჩაშაქრდება მინდორში ხენდრო.
                 ბავშვებს ვაჩვენებ ამწვანებულ, გადაშლილ  ველებს,
                 მთებს და ნაკადულს, თეთრი ბლის ხეს, მაცხოვრის ტაძარს,
                 ბორდოსფერ ღამეს დავანახებ ბავშვებს და მერე
                 მოვუთხრობ, აქ რომ გავატარე ბავშვობის ხანა.
                 აქ უამრავი ხე, ფოთოლი მაგონებს წარსულს,
                 აქ თითო ნაძვი ხნოვანებით, ფერით ფასდება,
                 აქ თითო ყლორტი ეტმასნება ზღაპრისფერ ზაფხულს,
                 აქ თითო წამი მომეტებით მეძვირფასება!..“
         ავტობუსი ჩემ უბანს უახლოვდება. ზემოდან მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესია გადმოგვყურებს. აბრა მიგვანიშნებს მერეს დედათა მონასტრისკენ მიმავალ გზას. გზა ნაძვნარში ადის. მაღლა, გზის ბოლოში ტაძარია. ,,აბა, ის რა გზაა, რომელიც  ტაძართან  არ მიგვიყვანს?!“ ულამაზესს ტყეში მერეს დედათა მონასტერი ჩიტის  თბილ ბუდესავით გამოიყურება. აქ ჩემი დედა მარიამი მეგულება. აი ისიც, ჩვეული ღიმილით გვეგებება. მოკითხვის მერე ტაძარში მიგვიძღვება მოსალოცად. თავისივე ხელით გაკეთებულ სანთლებს გვაწვდის. ბოლოს ყველანი ეზოში, ულამაზესს ბაღჩასთან ვკალათდებით და ამჯერად ჩვენ პრეზენტაციას დედა მარიამიც ესწრება. უკვე ,,მასპინძლები“ მე-3 ჯგუფის წევრები ხდებიან და ცდილობენ უფრო ,,დიდ მასპინძელ“  იღუმენია მარიამს დაუმტკიცონ, რომ ისინიც ისე გრძნობენ აქ თავს, როგორც ,,თევზნი წყალში“. და აი, ბავშვები  დამაჯერებლად იწყებენ: ,,მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის  ეკლესია მე-11-16 საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკაა. შედგება 4 ტაძრის და ერთი სამლოცველოსაგან. აგრეთვე აქვს  სტოა. რამდენიმე საუკუნის წინ  აქ იყო მამათა მინასტერი, ტაძარი იყო ნახევრად დანგრეული და მიწით დაფარული. ტაძართან გაკეთდა მისასვლელი გზა, აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა. 2009 წელს ტაძრის აღდგენა დასრულდა და ამავე წლის 17 დეკემბერს მეუფე იობმა აკურთხა მთავარი ტაძარი ფერიცვალობის სახელზე. მოქმედებს ასევე სამი ტაძარი: წმიდა მოწამეების -წმ. ბარბარეს, წმ. იულიანას და წმ. მარიამ ეგვიპტელის სახელობის ტაძრები. მომავალში ამოქმედდება წმ. გიორგის სახელობის ტაძარი და ასევე ღვთისმშობლის სახელობის სამლოცველო. გათვალისწინებულია, აშენდეს გალავანი, კელიები და სამრეკლო. მონასტრის იღუმენია დედა მარიამი. ტიპიკონი ისეთივეა, როგორც ჸველა მონასტერში. ძირითადი საქმიანობა ხელსაქმეა. ამზადებენ ხატებს, სანთლებს. აქვთ მეურნეობა და ამუშავებენ მიწას.“
              დედა მარიამს ვემშვიდობებით და ვგრძნობთ, რომ დალოცვა და კეთილი ღიმილი მოგვყვება თან. საცალფეხო ბილიკით მეუფის რეზიდენციაში გადავდივართ, რომლის უკანაც სარკინეთია, შიო მღვიმის სახელობის კლდეში გამოკვეთილი ტაძარი.
              აქ მთავრდება ჩემი სოფელიც და გზას ისევ ავტობუსით მივუყვებით. უკან ვტოვებთ სოფლებს - გვერძინეთს და წიფლოვანას და ქოზიფასკენ მივდივართ. გზად კიდევ ერთ მონასტერს მოვილოცავთ, ორხევის წმიდა ორმოცი სებასტიანელი მოწამის სახელობის მამათა მონასტერს, რომელიც 2007 წლის 16 ნოემბერს ამოქმედდა მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით. მონასტრის წინამძღვარია იღუმენი გერასიმე (გრიგალაშვილი).
               ავტობუსი მონასტერს ტოვებს და ხეობის ვიწრო გზას მიუყვება. მალე გზა იყოფა. მარცხნივ თუ გადავუხვევთ, ბატეთის ტბის სილამაზით მოგვიწევს დატკბობა, მარჯვნივ თუ წავალთ, ქოზიფამდე მივალთ. ჩვენ ამ ორ გზათაგან უკანასკნელს ვირჩევთ. ქოზიფას ხსენებაზე გოდერძი ჩოხელი მახსენდება. მწერალმა 2003 წლის 18 მაისს, დაახლოებით 12 საათზე, მძიმე სულიერი განცდების ფონზე მიიყენა 5 ჭრილობა, ორი - გულ-მკერდის არეში, სამი - მუცლის ღრუში. და ეს ყველაფერი ქოზიფას მონასტერში მოხდა.
               ,,ხშირად მიფიქრია, თავი რომ მოვიკლა, რა იქნება... მე ხომ მაშინ ბევრს ვერ ვნახავ, ჯღუნას ვერ შევხვდები... იქ წასული საქართველოს ვერ ვიხილავ. არადა, ვაჟასთან მინდა მივიდე, დავით აღმაშენებელთან... ეს ცხოვრება ისეთია, ზოგი ჩემი ხარივით ნებით უწვება მას, ზოგს ძალით აწვენენ სასაკლაოზე... ისეთი ხარიც ვიცი, მთის დასაწყისში რომ გაუშვებენ და მიდის მერე თავის დასაკლავ ადგილამდე თვითონვე... ზვიადაურივით ხარებიც მინახავს, უკვე ყელში ხანჯალგაყრილი რომ წამოხტომიათ და გაქცეულა, იმდენად სწყურებია სიცოცხლე... აი, ასეთი ხარივით უნდა იყოს კაციც... ზვიადაურივით ხარს უნდა ჰგავდე და ფიქრობდე, თუნდაც ერთი მცირე რამე გააკეთო იმისათვის, რომ არ დაწვე, არ დავარდე, არ ჩაიჩეხო წუთისოფლის ბილიკებიდან, შენი სამშობლოსათვის.“ - ეს ჩოხელის სიტყვებია. ამ სიტყვების დამწერი კი არც შეიძლება უფსკრულში გადაჩეხილიყო.
              ბოლოს სოფელი  ტყემლოვანაც გამოჩნდა, რამაც უმალვე ფიქრებიდან გამომიყვანა. აქედან უკვე ქოზიფისკენ ფეხით მივდივართ, მონასტრის შესასვლელში ვჩერდებით და აი, მე-4 ჯგუფის ,,მასპინძლობის“ ჯერიც დგება:
               ,,ქოზიფა ქარელის სამხრეთ - დასავლეთით 33კმ - ში მდებარეობს, სოფელ ტყემლოვანის წყლის მარცხენა ნაპირას. მონასტრის სახელწოდება იერუსალიმის მახლობლად მდებარე ქოზიფას წმ. გიორგის სახელიდან არის გადმოღებული. სტილისტური ნიშნებით მშენებლობა დაიწყო მე-13-14 საუკუნეებში. განსაკუთრებული ინტენსიური მშენებლობა გუგომის კომპლექსზე გაშლილა მე-18 ს-ში. ამას ადასტურებს ძირითადი ნაგებობების ( ღვთისმშობლის ეკლესია, გალავანი ) სტილისტური ანალიზი და წარწერა გალავნის ,,გარე  ბჭის“ თავზე. სავარაუდოდ მშენებლობა მე-15-16 სს-ში დასრულდა. ცნობილია, რომ აქ მამათა ცხოვრება მე-17ს-მდე მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, მტრების შემოსევებმა თავისი ქნა და მონასტერმა არსებობა ამ პერიოდში შეწყვიტა. მე-18ს-ის ცნობილი ქართველი ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი ძამის ხეობის გეოგრაფიულ აღწერილობაში მოიხსენიებს: ,,გუჯარეთის ქვევით არის მონასტერი ქოზიფა, უგუმბათო, კეთილნაშენი, მთასა შინა და აქ უქმი.“
                1997 წელს რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა მონასტერი აღადგინა. ქოზიფას მონასტერი შედგება 5 ეკლესიის, გალავნის, საძვალესა და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებისაგან. ეკლესიები აგებულია სხვადასვა დროს, მაგრამ ერთმანეთზე მჭიდროდაა მიდგმული და ერთიან კომპლექსს ქმნის. ხუთივე ეკლესია დარბაზულია.
                 პირველი ეკლესია - (5,1(3მ) დგას კომპლექსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ნაშენია უხეშად დამუშავებული ქვით. თარიღდება მე-8-9 საუკუნეებით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ფასადებზე თეთრი კირქვის ლავგარდანი (ერთადერთი ფრაგმენტი შემორჩენილია ჩრდ.- აღმოსავლეთ  კუთხეში) შედგებოდა მარტივი ნალისებრი თაღების მწკრივისაგან.
                 მეორე ეკლესია - (6,7(3,4მ) დგას კომპლექსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, პირველი ეკლესიის გასწვრივ. თარიღდება მე8-9 სს-ით. ეკლესია ნაგებია უხეშად დაკუთხული ქვით.
                   მესამე ეკლესია - ღვთისმშობლის ეკლესია, ჩრდილოეთის და სამხრეთის მინაშენებით კომპლექსის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს. თარიღდება  მე-13ს-ით. ეკლესია ნაგებია ბაზალტის კარგად დამუშავებული კვადრებით. ფასადებიდან მხოლოდ აღმოსავლეთ ფასადის პერანგი და მორთულობაა გადარჩენილი.
                    მეოთხე ეკლესია - აგებულია გვიან ფეოდალურ ხანაში. სავარაუდოდ, მე-15-16სს-ით თარიღდება. იგი ფარავს ღვთისმშობლის ეკლესიის მთელ დასავლეთ ფასადს. ეკლესია ნაშენია უხეშად დამუშავებული ბაზალტის ქვით.
                    მეხუთე ეკლესია მეოთხისა და პირველ ეკლესიებს შორის შექმნილ კუთხეშია ჩადგმული. იგი შესაძლოა მეოთხე ეკლესიის თანადროული იყოს(მე15-16სს). აღმოსავლეთ კედლით უშუალოდ  მიშენებულია მეოთხე ეკლესიაზე.
                    გალავანი კომპლექსისათვის შემოუვლიათ მე-13ს-ის ბოლო ათეულ წლებში. იგი ნაგებია ნატეხი ქვით. აღმოსავლეთით ფართო შესასვლელს ანუ ,,გარეთა  ბჭეს“ასომთავრულ წარწერიანი თაღი ჰქონია (წარწერა ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში). წარწერას აკლია თავი და ბოლო, ძნელად იკითხება, მაგრამ შემორჩენილი ფრაგმენტებით შეიძლება დადგენა - მასში ლაპარაკია კომპლექსის მთავარი ტაძრის შენებასა და შემკობაზე.“
                     ქოზიფაში სრულდება ჩვენი მოგზაურობა. ხეობაში 40-ზე მეტი ეკლესია-მონასტერია. ყველას მოლოცვას ერთ დღეში ვერც შევძლებთ. გავყურებ ამ ულამაზესს ხეობას და ვფიქრობ, როგორი ლამაზია საქართველო თავისი მთა-ბარით, ტყე-ველით და სილამაზით მას ვერცერთი მხარე ვერ შეედრება. მხოლოდ ქართველთა ქვეყანაზე შეიძლება ითქვას და ქართულ ენაზე:
                    ,,ენა ქართველთ“ არს სიმბოლო ,,ყოვლისა საქართველოჲს,“
                     ვადიდოთ ენა ქართველთა, ქართველთა საგალობოჲს,
                     ენა არს წმინდა ლამპარი, განძი, ძვირფასი არს სიტყვა,
                      ფარია იგი დამცავი, გზა გაიკაფა, განდიდდა.
                     ასომთავრულით დაიწყო ანბანმა მოსვლა თავიდან,
                      შემდეგ ნუსხურით, ხუცურით, მხედრულით თავი გაითქვა,
                      გმირულად უძლო ქართულმა სპარსულ-ლათინურ შეტევებს,
                      განავრცო ენა ქართული, ღვთივკურთხეული დგას დღემდე.
                      ენა მადლია, ნიჭია, ეძლევა მხოლოდ რჩეულ ერს,
                      მადლია, მაგრამ ამავ დროს დიდ ტვირთ გვეძლევა რჩეულებს...
                      ,,ენა ქართველთ“ არს სიმბოლო ,,ყოვლისა საქართველოჲს,“
                      ვადიდოთ ენა ქართველთა, ქართველთა საგალობოჲს!’
                ,,უფალო, დაიცავი და გააძლიერე საქართველო!“  -„გაბრწყინდება ჩემი ქვეყანა?!“ - ამეკვიატა კითხვა და მოსვენება აღარ მომცა და თითქოს პასუხად ბებერი მთის თავზე შავმა ღრუბელმა თანდათან ურჩხულის ფორმა მიიღო, მერე თითქოს გამოიდარაო, გაცისკროვნდა, გაიშალა და ცაზე შვიდფერი ცისარტყელა გადაიჭიმა. თითქოს კაცობრიობა და ბუნება ერთ ყოვლისმომცველ ღვთაებაში შედუღაბდა, მთის წვერზე კი დაშლილმა ღრუბელმა თვალებახვეული თემიდას სახე მიიღო, რომელიც სასწორით ხელში შემომდგარიყო მყინვარწვერზე და ვერ გაერკვია, საით გადაეწონა სასწორი: რა აჯობებდა ; გონება  თუ უგუნურება?! რწმენა თუ ურწმუნოება?! რისი შედეგია საქართველო თუ დაქუცმაცდა, თუ არა ჩვენი ცოდვებისა?! ვირწმუნოთ უფალი, ვგესოთ უფალი, ვადიდოთ უფალი არა მარტო ბაგეებით, არამედ საქმითაც და გადავრჩებით, სულს გადავირჩენთ, ჩვენ სამშობლოსაც გავაბრწყინებთ და ავაღორძინებთ:
                      ,, მე მზის ქვეშეთში დავიბადე, შავ ზღვასთან ახლოს,
                        ამ მთა-ველებმა ჩამიკრეს და შემისისხლხორცეს,
                        მე ქეთევანის და თამარის მიწაზე ვსახლობ
                        და საქართველოს სიყვარულში მინდა ვიწვოდე!
                        ბერო ლუხუმო, ძველებურად კვლავ წინ გაგვიძეხ,
                        კვლავ  შეგვახსენე ხევისბერო, ,,ვისი გორის ვართ,“
                       ქრისტევ ჯვარცმულო, საქართველოს ნუ გაუჭირვებ,
                       თორემ ქართველი სამშობლოსთვის თავსაც მოიკლავს!
                        მე მზის ქვეშეთში დავიბადე, ამ მიწის გულზე,
                        ამ მთა-ველებმა ჩამიკრეს და შემისისხლხორცეს,
                         მე დავიბადე კავკასიის განიერ შუბლზე
                         და საქართველოს სიყვარულში მინდა ვიწვოდე!“
                                                                                ნინო ელბაქიძე
      გამოყენებულია:
      www.dzeglebi.ge
      www.myvideo.ge
      www.flickr.com
      ენციკლოპედია, საკუთარი ლექსები.
      ელ.ფოსტა: nino.elbakidze72@gmail.com
      ვებ-გვერდი\ბლოგი:nino.elbakidze72.blogspot.com

      მისამართი: ქ. ქუთაისი. მესხის 9. ა. ოთ.28.






მერეს დედათა მონასტერი











1 комментарий:

  1. თვალყურს ვადევნებ თქვენს საქმიანობას და მომწონს ასეთი აქტიურობა, ბავშვების დაინტერესება ჩვენი ქვეყნის ისტორიით,არქიტექტურული ძეგლებითა და ქართველი მწერლების ცხოვრება- მოღვაწეობით, ეს დიდი საქმეა, მე ვხედავ თქვენს ენთუზიაზმს და სიყვარულს თქვენი საქმისადმი, ბავშვებისადმი. წარმატებებს გისურვებთ საქმიანობაში. გაიხარეთ.

    ОтветитьУдалить